2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველომ აღიარა ინტერნეტზე წვდომის უფლება ფუნდამენტურ უფლებად და კონსტიტუციით დაცული უფლებების რანგში აიყვანა. შესაბამისად, ამით ვაღიარებთ თანამედროვე ციფრული საშუალებების ეგზისტენციურ მნიშვნელობას მოქალაქეთა პიროვნული და ამასთანავე ეკონომიკური განვითარებისთვის.

ციფრული წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის, რამეთუ მათ სრულფასოვნად შეძლონ ჩართვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა რეგიონის მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ელექტრონული დემოკრატიის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე), გამოიყენონ ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექმნილი ციფრული სერვისები. ამასთანავე ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლონ სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება, ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესება.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში ნერგავს სპეციალურ პროგრამას, რამაც:

  • უნდა შექმნას მოქალაქეთა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უკეთესი ჩართულობის მექანიზმები;
  • დააჩქაროს ადმინისტრაციული წარმოების პროცესი მუნიციპალიტეტებში;
  • გახადოს მუნიციპალური სერვისების გამჭირვალე და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის;

  • შექმნას გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა უფლებები ადმინისტრაციულ წარმოებაში.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცოდნა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჰქონდეს მოიპოვის წვდომა და გამოიყენოს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული ელექტრონული სერვისები.

ციფრული წიგნიერების გავრცელება მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს უხსნის ადამიანებს თანამედროვე სამყაროში – იქნება ეს განათლების მიღება, კომუნიკაციის მოქნილი შესაძლებლობები, ინფორმაციაზე წვდომა მთელი ინტერნეტის მასშტაბით, მაღალი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში და ა.შ. კომპიუტერის ცოდნა აღარ არის განყენებული ცოდნის სფერო, არამედ ის დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია, რომლის ქონაც არათუ ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულოა თითოეული მოქალაქისთვის. ამასთანავე, ციფრული წიგნიერება უფრო მეტია, ვიდრე კომპიუტერის ცოდნა, ის მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სრულ სპექტრს. მარტივად რომ ვთქვათ, მოქალაქე იძენს უნარს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, რომ შეძლოს დასახული მიზნების სწრაფად და ხარისხიანად მიღწევა.